მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლის შემდგომ, საგადასახადო კოდექსში ყველაზე მასშტაბური რეფორმა შეეხეო დამატებული ღირებულების გადასახადს.

რეფორმის მიზანია საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეფორმის ფარგლებში შენაჩუნებულია ყველა ის საგასახადო შეღავათი, რასაც მოქმედი კანონმდელობა ითვალისწინებს, ასევე შემოღებულია ახალი მარეგულირებელი ნორმები. დღგ-ის რეფორმის შედეგებიდან შესაძლებელია გამოიყოს რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომლებმაც შესაძლოა გარკვეული დადებითი ეფექტი მოახდინოს ბიზნეს სუბიექტების საქმიანობაზე, მაგალითად: საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდება, ლიზინგის ოპერაციის დაბეგვრა, საგადასახადო შეღავათები და სხვა.

საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდება

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უსასყიდლოდ განხორციელებული ოპერაციები დღგ-ით იბეგრება და დაბეგვრა ხორციელდება მიწოდებული საქონლის, გაწეული მომსახურების საბაზრო ღირებულებიდან.

რეფორმის მიხედვით კი:

  • საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება
  • საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება დაქირავებულის პირადი სარგებლობისთვის
  • საქონლის მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით

         იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ხოლო საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, დღგ-ით არ იბეგრება. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ უსასყიდლო მიწოდება დაიბეგრება მიწოდებული საქონლის „თვითღირებულებიდან“ და არა საბაზრო ფასიდან.

უსასყიდლოდ მომსახურების გაწევა კი იმ შემთხვევაში დაიბეგრება, თუ მომსახურების გაწევა ხდება:

  • დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის
  • ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით

ლიზინგის ოპერაციის დაბეგვრა

        მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ლიზინგი განიხილება მომსახურების მიწოდებად. შესაბამისად, დაბეგვრა ხორციელდება ლიზინგის მომსახურების გაწევის პერიოდების მიხედვით.

ცვლილებების მიხედვით:

  • საქონლის მიწოდებად განიხილება საქონლის ფაქტიური გადაცემა იჯარის/ლიზინგის ან სხვა მსგავსი ხელშეკრულებით, გამოსყიდვის პირობით;
  • საქონლის მიწოდება კი ხდება (და შესაბამისად ხორციელდება დაბეგვრა) საქონლის გადაცემისთანავე, ანუ ლიზინგის პერიოდის დასაწყისში.
  • ლიზინგის ხელშეკულებით გათვალისწინებული სარგებელი დღგ-ით დასაბეგრ თანხაში არ შეიტანება.

შედეგად:

  • ფინანსური კომპონენტის დღგ-ით დაბეგვრის შეწყვეტის შედეგად კომპანიები მიიღებენ სარგებელს
  • ლიზინგის მიმღების დეფოლტის შემთხვევაში კი სალიზინგო კომპანიებს შეეძლებათ გადახდილი დღგ-ის დაბრუნება.

      აგრეთვე:

  • სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად დაბეგვრისგან თავისუფლდება მასთან უშუალოდ დაკავშირებული და დამხმარე მომსახურების/საქონლის მიწოდება;
  • დაზღვევა ან/და გადაზღვევასთან ერთად არ დაიბეგრება, თანმდევი მომსახურებები, რომელსაც სადაზღვევო ბროკერები ან/და სადაზღვევო აგენტები ახორციელებენ;
  • გათავისუფლებულ ძირითად მიწოდებასთან ერთად, მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებაც არ დაიბეგრება.
  • ფართოვდება და ზუსტდება საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები;
  • ჩათვლის უფლებით თავისუფლდება მომსახურების გაწევა სხვა პირის სახელით მოქმედი შუამავლის მიერ, საქონლის საერთაშორისო ტრანსპორტირების ან საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ოპერაციებში მონაწილეობის შემთხვევაში.

ცვლილების დეტალურად გასაცნობად, გთხოვთ, გადახვიდეთ საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე – “ცვლილებები – დღგ”